პაატა კუპატაძე
კურცი საქართველოში და ბალკანეთში ლტოლვილთა ცენტრის გახსნის ინიციატივით გამოდის
პოლიტიკა

სებასტიან კურცი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ევროკავშირს ლტოლვილთა მიღების ცენტრების განთავსებას საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებში სთავაზობს. ამ თემაზე სებასტიან კურცმა გამოცემა Bild-თან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ გვჭირდება ასეთი ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომლებიც გაეროსთან კოორდინაციით იმუშავებენ. ისინი შეიძლება გაიხსნას საქართველოში, ეგვიპტეში ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში“, - აღნიშნა ავსტრიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.
ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იგივე საკითხზე ინტერვიუ მისცა ავსტრიულ Die Presse-ს და შვეიცარულ NZZ am Sonntag-ს. ამ ინტერვიუებიდან ფრაგმენტებს აქვეყნებს ბრიტანული The Telegraph-ი, სადაც კურცი მიგრანტებისთვის შესაძლო ცენტრის შექმნის ადგილად საბერძნეთის კუნძულებს ასახელებს. სტატიაში საქართველო ნახსენები არ არის.
სებასტიან კურცი თებერვლის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-ეუთოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ეუთო-ს როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში კურცი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრას დაესწრო.





