imedi
ქიბარ ხალვაში: არ ვთვლი, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რამე გართულდა
პოლიტიკა
ქიბარ ხალვაში
"მე აბსოლუტურად არ ვთვლი, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით რამე გართულდა; პირიქით - გაადვილდა, დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.
ხალვაში დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო უზენაესი სასამართლოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და ის ტელეკომპანიას დაიბრუნებს. ჟურნალისტის კითხვაზე, მივა თუ არა "რუსთავი 2"-ში, ქიბარ ხალვაშმა უპასუხა, რომ არავის აქვს უფლება, მეპატრონე შენობაში არ შეუშვას.
რაც შეეხება სხვა ბიზნესებს, რომელზეც ხალვაში დავობს, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს მასზეც აწარმოებს. "მე არ ვიბრძვი მხოლოდ "რუსთავი 2"-სთვის. უბრალოდ, ეს არის გახმაურებული საქმე. მე ვიბრძვი ყველა იმ ბიზნესისთვის, რაც წამართვეს. სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ვთვლი, რომ იმას, რაც ჯერ არ არის გაყიდული, დავიბრუნებ. რაც უკვე გაიყიდა, შეგუებული ვარ, რომ ვერ დავიბრუნებ. რვა მილიარდამდეა ის ქონება, რითაც წინა მთავრობამ გვაზარალა", - თქვა ხალვაშმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა მენეჯმენტის შემოთავაზება საინტერესო, ხალვაშმა თქვა, რომ მენეჯმენტის შეთავაზება მისთვის უინტერესოა. "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი რასაც ლაპარაკობს, მათი საუბრის ღირებულება ნულია. როცა მენეჯმენტი მელაპარაკება, მელაპარაკება მიშა სააკაშვილი და მე მასთან ლაპარაკის გამოცდილება მაქვს - როცა ის ლაპარაკობს, ის იტყუება", - თქვა ხალვაშმა.
ხალვაშმა "იმედის" ეთერში, ასევე, განაცხადა, რომ ის აპირებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ტელეკომპანიის წილი - 50%-50%-ზე გაუყოს. ის, ასევე, ადასტურებს, რომ ძალაში რჩება დვალისთვის კომპანიის დირექტორობის შეთავაზებაც. "მე როდესაც რამეს ვიტყვი ვცდილობ შევასრულო.. როდესაც მე ინვესტორი ვარ და შენ პარტნიორი, მე ინვესტიცია ჩავდო და შენ როგორც მენეჯერმა ხელფასი აიღო ეგრე არ გამოვა... როდესაც შენ ტელევიზია გადმოგეცემა, მე გარანტია უნდა მქონდეს, რომ მას არ მიჰყიდი სხვას, არ გამდიდრდები და არ დამტოვებ ვიღაცის პირისპირ".
ქიბარ ხალვაშის თქმით, სწორი მენეჯმენტით ტელეკომპანიის მომგებიან ბიზნესად ქცევა შესაძლებელია და მას არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ უნდა აფინანსებდეს. ბიზნესმენმა ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლების გაყრას არ აპირებს. "კალთებს ვერავის ჩამოვახევ, მაგრამ მე მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებ", - თქვა ხალვაშმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს, "რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.





