ნათია ორველაშვილი
გლდანში მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
პოლიტიკა

გლდანი, მშენებლობის ადგილი
ფოტო: ნათია ორველაშვილი
1 ადამიანი დააკავეს გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებმა ტექნიკას მშენებლობაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
კორპუსი სკვერის გვერდით შენდება. მოსახლეობა ამბობს, რომ დაუშვებელია მშენებლობას კიდევ ერთი სკვერი შეეწიროს. მათივე განცხადებით, მიწა გიგი უგულავას მერობის პერიოდში გასხვისდა. მაშინ გაიცა მშენებლობის ნებართვაც, თუმცა თავდაპირველი პროექტის მიხედვით, აქ ორსართულიანი შენობის აშენება იგეგმებოდა. იანვარში კი მშენებლობაზე ახალი ბანერი გამოჩნდა, რომლის მიხედვით ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამ წუთებში მშენებლობა შეჩერებულია. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე გუშინ პარტიზან მებაღეებს სცემეს. გარემოსდამცველები იქ უკვე რამდენიმე დღეა მორიგეობენ და რეკრეაციულ ზონას განადგურებისგან იცავენ.





