პაატა კუპატაძე
კოკოითი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირეს
პოლიტიკა

ედუარდ კოკოითი
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა. ამის შესახებ სააგენტო Interfax-ი იუწყება. „სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უარი ეთქვას კოკოითის რეგისტრაციაზე, რადგანაც ის საცხოვრებელი ადგილის მუდმივობის შესახებ დაწესებულ ცენზს არ აკმაყოფილებს,“-განაცხადა არაღიარებული რესპუბლიკის ცესკოს თავმჯდომარე ქრისტინა ავლოხოვამ.
კოკოითისთვის ცესკოს არგუმენტები მიუღებელია. ცხინვალის ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა უშიშროების სამსახურისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საარჩევნო კომისიისთვის არასწორი მონაცემების მიწოდებაში დაადანაშაულა და მათი გადადგომა მოითხოვა. მანამდე კი ის „საყოველთაო შეკრების“ ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, სადაც წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება უნდა განხილულიყო, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო მერიამ კოკოითის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ედუარდ კოკოითს ცესკო მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ კანონის დარღვევაში ედავება, რადგანაც ცხინვალის ყოფილი ლიდერი დროის დიდ ნაწილს მოსკოვსა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ატარებდა.
არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.





