ნათია სონღულაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს პასუხობს
პოლიტიკა

გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით.
"კობახიძის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდემეტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცლებოდეს საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის,"- განაცხადა აბაშიშვილმა.
"თუ პრეზიდენტი კვლავაც გააკეთებს არაკორექტულ განცხადებებს, მმართველი გუნდი მომავალ წელს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე იფიქრებს."- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ გააკეთა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შეგნებული მცდელობაა. კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება არ იზღუდება და კომისია არც მის სტატუსს ეხება. საუბარია მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე, თუმცა ეს ცვლილება არ შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს.





