ნათია სონღულაშვილი
კობახიძე: პრეზიდენტი არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
"თუ პრეზიდენტი კვლავაც გააკეთებს არაკორექტულ განცხადებებს, მმართველი გუნდი მომავალ წელს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე იფიქრებს."- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის საპასუხოდ გააკეთა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შეგნებული მცდელობაა. კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება არ იზღუდება და კომისია არც მის სტატუსს ეხება. საუბარია მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე, თუმცა ეს ცვლილება არ შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვაზე მუშაობს, არამედ საუბარია პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.
"ნათლად დაფიქსირდა რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხს განიხილავს.
ამ წუთებში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე მსჯელობენ.





