საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებებზე მსჯელობს
პოლიტიკა

საკონსტიტუციო კომისია
ამ წუთებში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე მსჯელობენ. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ერთ-ერთი შემოთავაზებული ინიციატივა გულისხმობს გადასახადების შემოღებისთვის რეფერენდუმის ჩატარების გაუქმებას. მენაბდე ამ ინიციატივას მიესალმება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია კონსტიტუციის გადასინჯვა. „არსებული ინიციატივის მიხედვით, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის ორი წესია შემოთავაზებული. ერთი წესის მიხედვით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას 2/3-ით მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება ახალი პარლამენტის მიერ ამ წესის რატიფიცირება. ხოლო მეორე გზაა, დღეს მოქმედი 3/4-ით სისტემის გადასინჯვა და ამ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პარლამენტის მიერ დადასტურება.“-განაცხადა მენაბდემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი ახვლედიანის თქმით, დღეს განიხილავენ ასევე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხს. ახვლედიანი ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება. „პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი არ უნდა შეიზღუდოს, პირიქით უნდა გაიზარდოს. სულ მცირე საკონონმდებლო ინიციატივის დაყენების უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. ამასთან, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება დაუშვებელია.“-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.





