imedi
წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე: ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს
პოლიტიკა
თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის უზრუნველყოფა და მოითხოვა შემდეგი: 1. საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. 2. აეკრძალოს ხელისუფლებას, დახუროს ან გააადვილოს "რუსთავი 2-ის" დახურვა; 2. აეკრძალოს ხელისუფლებას, არ შეცვალოს კომპანიაში მენეჯმენტი.
მოპასუხე მხარედ რუსთავი 2"-მა საქართველოს მთავრობა დაასახელა.
"რუსთავი 2"-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ, თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღინისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში დაიწყებოდა ქაოსი", - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა თქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება ერთპირვნულად მორიგე მოსამართლემ მიიღო და მისი გვარი უცნობია, ისე, რომ მოპასუხე მხარედ დასახელებული საქართველოს მთავრობა არ ყოფილა საქმის კურსში ჩაყენებული და რაიმე ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.
"სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ა.წ. 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებან არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება, რაც კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევს. სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლემ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ ყველა საჩივარზე ადრე ამ საქმეს განიხილავს", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, 8 მარტამდე სტრასბურგის სასამართლო უნდა შეიკრიბოს და კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გაფართოვდეს თუ არა სასამართლო პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე და გაგრძელდეს თუ არა ეს დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება.
"ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც სხვა დროს სხვა საქმე გვიწარმოებია სტრასბურგის სასამართლოში", - თქვა წულუკიანმა.
ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
"რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოს დღეს დილით მას შემდეგ მიმართა, რაც უზენაესი სასამართლოს ზედა პალატამ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.





