საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამხედრო კომიტეტს შეხვდა
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი გენერალი პეტრ პაველი
გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ NATO-ს სამხედრო კომიტეტს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გადაიდგმება.
NATO-ს სამხედრო კომიტეტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა NATO -ს სამხედრო კომიტეტს საქართველოს მხარდაჭერისათვის და საქართველოს საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის.
დღესვე ნატოს დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა. ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნები საქართველოს უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ.
კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებს თავდაცვის აკადემიაში მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გაუწია.





