რესპუბლიკელები ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობენ
პოლიტიკა

რესპუბლიკური პარტია
საქართველოს რესპუბლიკური პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს.
"დღეს საქართველოში შექმნილია საკმაოდ რთული სოციალ–პოლიტიკური ვითარება. ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესი. ხორციელდება მიზანდასახული შეტევა მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემასა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაზე, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროს. 2012 წლის მრავალპარტიული ნიშნების მატარებელი ხელისუფლებიდან ჩვენ მოვედით 2016 წლის ერთპარტიული , არსებითად კი უპარტიო ხელისუფლებამდე, საპარლამენტო მანდატების სამი მეოთხედით და საკონსტიტუციო უმრავლესობით, პოლიტიზირებული პოლიციით და უშიშროებით, კონტროლირებადი სასამართლო სისტემით. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. ამდენად, ქვეყნაში ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური, უპასუხისმგებლო მმართველობა", - ნათქვამია განცხადებაში.
რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სხვა ეროვნულ მაუწყებლებში მიმდინარე პროცესებით ხელისუფლება მედიის დაქვემდებარებას ცდილობს. პარტიაში, ასევე, თვლიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლება საკუთარ თავზე მორგებულ კონსტიტუციას ქმნის, მიზანმიმართულად ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტსა და პოლიტიკურ პარტიებს. ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა კი, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო, იმაზე უარესია, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული კანონი იყო.
"მიუხედავად ამისა, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში განწირულია მარცხისთვის. ყველასთვის, ვისთვისაც ფასეულია ქართული სახელმწიფოებრიობა, პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის დემოკრატიული რესურსის კონსოლიდირება და სამომავლო მოქმედებებისთვის მკაფიო ორიენტირების დასახვა. 2017 წელი საერთო ეროვნული არჩევნების წელია. ოქტომბერში საქართველოში პირდაპირი გზით ირჩევა მერები, გამგებლები და საკრებულოები. დედაქალაქსა და საქართველოს ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შესაძლებელია და უფრო მეტიც, მოსალოდნელია ხელისუფლების დამარცხება სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ. ამ ვითარებაში მთავარი ამოცანა არის საზოგადოების, ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი მედიის, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შევძლოთ ისეთი პოლიტიკური ფორმატების, ბლოკების შექმნა, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა:, - ნათქვამია რესპუბლიკელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





