კუპრავა ხვალ ექვს საათზე ყველა პარტიას აქციაზე მისვლისკენ უხმობს
პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორებს შორის კარავში თათბირის შემდეგ ვითარება დაიძაბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთმაენთს დაუპირსპირდნენ ზაზა სარალიძე და ზვიადკუპრავა. თათბირის შემდეგ ტრიბუნასთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, თუნდაც მარტო რომ მოუწიოს ამის გაკეთება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის თქმით, აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი ვერ შეთანხმდნენ ხვალინდელი აქციის გეგმებთან დაკავშირებით. მისი თქმით, იქ მივიდა პირი, რომელიც თხოვდა რომ პოლიტიკური პირები მოეცილებინათ სიტუაციისგან, რის გამოც ზვიად კუპრავასთან შეკამათება გამოუვიდა.
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კუპრავას დაკავება არ იგეგმება.
„ეს აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, შეიძლება გავაგრძელო მარტო მე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ, მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. არ შევწყვეტ დაწყებულ საქმეს და გავაგრძელებ ბოლომდე მანამ, სანამ არ ჩამოვშლი სისტემას მთლიანად. აი, ეს არის ჩემი ძმა, ვინც იქნება ჩემს გვერდით“, – განაცხადა კუპრავამ, რის შემდეგაც გავიდა ტრიბუნიდან, თუმცა რამდენიმე წუთში მიკროფონთან კვლავ მივიდა და პოლიტიკურ პარტიებს ხვალ, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ხვალ 18:00 საათზე მთელ საქართველოს ველოდები რუსთაველზე. ყველა პარტიას უკლებლივ, ველოდები 18:00 საათზე, მოიხმეთ თქვენი ხალხი, პარტიებო, დაუძახეთ თქვენს ხალხს ზუგდიდიდან, დაუძახეთ თქვენს ხალხს კახეთიდან, „ნაციონალურო მოძრაობავ“, ყველა პარტიავ, უკლებლივ ყველამ მოიყვანეთ აქ თქვენი ხალხი, დროულად დააყენეთ, თუ გინდათ ცვლილებები დროულად, თორემ თქვენც გაქრებით, თქვენც გაქრებით და ყველა გაქრება“, – განაცხადა კუპრავამ.
ბოლოს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა.
კუპრავას შემდეგ, სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება.





