კვირიკაშვილი: გამოძიებას გიორგი გახარია გადაიბარებს
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო ბრიფინგი გამართა. პრემიერის თქმით, ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
პრემიერის თქმით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძოებო კომისია, პარლამენტი შეიკრიბება უმოკლეს ვადაში და დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, რომელიც ასევე უმოკლეს ვადაში დაიწყებს მუშაობას.
კვირიკაშვილი შოთაძის გადადგომასაც გამოეხმაურა და მას ღირსეული გადაწყვეტილება უწოდა. "მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა დავიწყოთ. დავალება მივეცი, მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს პროკურორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მანამდე პრემიერი პარლამენტთან მივიდა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
თუმცა აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც.
დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.





