სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ იუწყება.
როგორც ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, სირიისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთაღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.
თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ხუთმა სახელმწიფომ აღიარა. რუსეთის გარდა, ეს სახელმწიფოებია ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია. ტუვალუმ 2014 წელს აღიარება უკან გაითხოვა, ვანუატუმ კი რამდენჯერმე განაცხადა, რომ აფხაზეთს აღიარებს, თუმცა მოგვიანებით საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა.





