რუსთავი 2-ის მხარდამჭერები მოსამართლეებს მიმართავენ
პოლიტიკა

უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. "ღია მიკროფონის" ფარგლებში სიტყვით გამოდიან ტელევიზიის თანამშრომლები, მხარდამჭერები, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცნობილი სახეები.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია: "9 მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას, ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, ოქროს ასოებით შეიტანს თავს ისტორიაში ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას, შეუქცევად ზიანს მიაყენებს ქვეყნის მომავალს, შავი ასოებით შეიტანს თავს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილები მოთხრილი ხეებით მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება. ბარების და ნიჩბების როლის შესრულება თუ სურთ, ეს გახდება მათი განაჩენი. ხელისუფლებამ ქიბარ ხალავში ჩამოათრია. ყველა დროის იუდავ, ივანიშვილის მონავ, ქიბარ ხალვაშო, საქართველოს, თავისუფალ სიტყვას, ევროინტეგრაციას არავინ გაგაჩერებინებს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია: "საქართველოსთვის მიყენებული ზიანი 100-ჯერ დიდი იქნებოდა "რუსთავი 2"-ს ხელისუფლების მრავალი შეცდომა რომ არ გაეშუქებინა. ეს უნდა ესმოდეს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. მოსამართლე, თუნდაც ზეწოლის ქვეშ, სამარცხვინო ნაბიჯს თუ გადადგამს, ხელს მოაწერს ქვეყნის საფრთხეში ჩაგდებას "რუსთავი 2-ის ჩახშობით, საზოგადოებრივი იარლიყით იცხოვრებს".
დავით ბაქრაძე: "ეს არ არის "რუსთავი 2"-ის დაცვის დღე. ვიცავ საქართველოსნ მომავალს, პერსპექტივას, რომ არსებობდეს განსხვავებული აზრი, კრიტიკული და თავისუფალი მედია. რუსთავი 2"-ის გაჩუმებით ჩუმდება მთავარი არხი, რომელიც საუბრობს პრობლემებზე, გაჭირვებაზე, როგორ იტყუება მთავრობა, იწყობს ცხოვრებას პრემიებით, დანამატებით და არ ზრდის პენსიას, არ ასრულებს დაპირებებს. 15 წლის წინ გამარჯვებული ხალხის ტელევიზია დღეს გაჭირვებული ხალხის ტელევიზიაა".
მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე: "ბიძინა ივანიშვილს "რუსთავი 2" დისკომფორტს უქმნის, ნერვებს უშლის. ის ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ფეოდალია, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს. არ არის ის ადამიანი, რომელიც რაღაცას დათმობს. აქ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, დაკვეთა. ქიბარ ხალვაში კი, რიგითი ჯარისკაცია".
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა "რუსთავი 2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს ბოლო ინსტანციაა - მისი გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში შეუძლებელია.
ცნობილია მოსამართლეების ვინაობა: თოდუა, გვენეტაძე, როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ალავიძე, ვაჩაძე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი.
სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეების დაუსწრებლად ტარდება.
ორივე მხარე მოსამართლეების აცილებას ითხოვს.
ტელეკომპანის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია და უწყვეტი მაუწყებლობა გუშინ დააანონსა.
ტელეკომპანიის დამფუძნებლები კი "რუსთავი 2"-ის დაბრუნებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.
ტელეკომპანიის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობს.
სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი და წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია "ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს "რუსთავი 2"-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით.
მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს და არხს მიზანმიმართული კამპანიებით სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეებზე ზეწოლისთვის იყენებს.





