მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა ქართულ მხარეს გადაეცემა
პოლიტიკა

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილი შენობა საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
„ქონებრივ საკითხებზეც ვისაუბრეთ. მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, დადებითად გადაწყდა მოსკოვში ჩვენი საელჩოს შენობის საქართველოსათვის კუთვნილებაში გადაცემის საკითხი. ამაზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენმა საგარეო უწყებამ საკმაოდ წარმატებულად დაასრულა ამ საკითხზე მუშაობა, რაც მისასალმებელია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა დღეს გაიმართა.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას საქმეების გამოძიებასა და 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.





