ბოკერია: ტელედებატების წინააღმდეგი არ ვართ, მითუმეტეს თუ ჩვენც ჩავერთვებით
პოლიტიკა

გიგა ბოკერია
საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ შეთავაზებასა და გუშინ განვითარებულ მოვლენებს შორის კავშირს ვერ ხედავს. საუბარია უმრავლესობის მიერ პრეზიდენტისთვის შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე.
"დებატების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს მითუმეტეს თუ ჩვენც გვექნება ჩართვის საშუალება. თუმცა ეს არაფერ კავშირში არ არის და ვერანაირი პასუხი ვერ იქნება ვითომ პრინციპულობაზე. საღი აზრის ფარგლებში შესაძლებელი იყო რეგლამენტის ისე ინტერპრეტირება, რომ პრეზიდენტს ერთის ნაცვლად რამდენჯერმე გაეცა პასუხი პარლამენტში გამოთქმულ მოსაზრებებზე. ამას ვამბობ პრეზიდენტის მიმართ ყოველგვარი პოლიტიკურ სიმპატიის გარეშე", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.
პრეზიდენტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
შეთავაზება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა. თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის უფლება არ მისცა, შესაბამისად, უმრავლესობა სატელევიზიო დებატებისთვის მზად არის.
გუშინ პრეზიდენტი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითხოვდა, რათა დეპუტატებისთვის დებატების რეჟიმში შესძლებოდა პასუხის გაცემა. ამ მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, გიორგი მარგველშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, რის გამოც პარლამენტარების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი კი კოლეგებსა და თავმჯდომარეს ერთჯერადად, რეგლამენტში ცვლილებას სთხოვდა.
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებას კენჭი უყარა. 28 დეპუტატმა ცვლილებას მხარი დაუჭირა, 50-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. საბოლოოდ, პრეზიდენტს უარი ეთქვა დებატებში შესვლაზე.





