ანა შეპკინა
ბორჯომის საკრებულოს 28 წევრიდან 15 თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს
პოლიტიკა

ზაზა ჩაჩანიძე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.
მათ საკრებულოს განცხადებით დღეს მიმართეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
განცხადება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე უნდა განიხილონ, რომლის თავმჯდომარეც ერთ-ერთი ხელმომწერი ტატიანა მარტინენკოა. შემდეგ კი საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 28 მარტს ჩატარდება.
ევროპული საქართველოს წარმომადგენელი საკრებულოში ბაქარ შირაძე ამბობს, რომ განცხადებაზე პატრიოტთა ალიანსის 2 წევრის ხელმოწერა ადასტურებს იმას რომ ირმა ინაშვილი ქართულ ოცნებას გაურიგდა და ეს ოპოზიციის დასუსტების მცდელობაა.
საკრებულოს თავმჯდომარეს პატრიოტთა ალიანსის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია და ბოლო დროს საკრებულოში განვითარებული მოვლენების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს. ზაზა ჩაჩანიძე მისი გადადგომის მოთხოვნას მმართველ პარტიასა და პატრიოტთა ალიანს შორის გარიგებად აფასებს.
ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ საკითხი პატრიოტთა ალიანსის მიერ იყო ინიცირებული, რომელსაც მხარი დაუჭირეს, რადგან დროა ჩაჩანიძის "ბატონყმური ეპოქა" დასრულდეს. დეპუტატი გიორგი ფერაძე იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და 28 მარტს ამ ინიციატივას მხარს სხვებიც დაუჭერენ.
ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.





