რუსთავი 2-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
პოლიტიკა

რუსთავი 2
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება არხმა ცოტა ხნის წინ მიიღო. გადაწყვეტილების შესახებ "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი რუსთავი ორის გარშემო მიმიდნარე მოვლენებია.
"ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის იოლი არ იყო. ჩვენ სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ დაგვიტოვეს. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც ტელევიზიამ შეიძლება მიმართოს. დღეიდან, უფრო სწორად, ამ წუთიდან, რუსთავი ორი გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე", - განაცხადა უდუმაშვილმა.
ამ დროისთვის არხს მაუწყებლობა უკვე შეწყვეტილი აქვს და ეკრანზე ჩანს წარწერა: "ვაპროტესტებთ უსამართლობას! კვირას, 14:30 ვიკრიბებით რუსთაველზე".
რამდენიმე დღის წინ, არხის დირექტორმა გვარამიამ განაცხადა, რომ კვირას ტელეკომპანიის თანამშრომლები არხის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციას მოაწყობენ.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიებისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები კვირას, 14:00 საათზე რესპუბლიკურ მოედანზე შეიკრიბებიან და "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად მსვლელობას მოაწყობენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. არხის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ვარდების რევოლუციიდან მალევე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ზეწოლით მათ ტელეკომპანიის წილები ძალით დაათმობინეს. არხის წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ცდილობს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.
სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. ტელეკომპანიის დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან და შესაბამისად მოქმედი ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას ეფუძნება, აცხადებენ რომ ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს კრიტიკული არხის გაჩუმებას და ხალვაშის საშუალებით ტელევიზიის ხელში ჩაგდებას აპირებს.
მთავრობა ბრალდებებს უარჰყოფს და აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე დავა სამართლებრივია და მის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ტელეკომპანიის დღევანდელი მენჯმენტი ცდილობს, რომელიც არხს მიზანმიმართული კამპანიებით სასამართლო სისტემაზე და მოსამართლეებზე ზეწოლისთვის იყენებს.





