პაპუნა შუშანია
ზუგდიდის მერმა ბიზნესმენ მანანა მიქავას ბრალდება უარყო
პოლიტიკა

ზუგდიდის მერია
ფოტო: პაპუნა შუშანია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნესმენ მანანა მიქავას ბრალდებას ლაშა გოგიამ უპასუხა. ის ამბობს, რომ სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არავითარ კორუფციული გარიგება არ არსებობს.
"ეს მიწა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება და თუ მანანა მიქავას სურს შემოიტანოს წინადადება და განახორციელოს საინვესტიციო პირობები, ჩვენ მივიღებთ და განვიხილავთ მას. ჩემთან ინვესტორი არ მოსულა. პირიქით, მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე კიდევ უფრო უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს“, - თქვა გოგიამ.
რაც შეეხება „ზუგდიდის-სითის“ მრავალფუნვქიურ პროექტს, გოგია განმარტავს, რომ მერიაში ეს წინადადება მხოლოდ განიხილეს და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
გარდა ამისა, მერმა დასძინა, რომ თავად მიქავა ამ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიიდან გარევაჭრობის საშუალებით იღებს შემოსავლებს.
ზუგდიდის მკვიდრი და შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მიწაზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა, მშენებლობას სხვა კომპანია იწყებს.
მიქავა ამბობს, რომ მას წინა მერისა და საკრებულოსგან ამ ტერიტორიის დაბრუნების პირობა ჰქონდა, თუმცა, მათ ეს პირობა არ შეასრულეს.
„რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აპირებენ კომპლექსის აშენებას. მე მყავს ინვესტორი, რომელიც გაცილებით მეტ ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა, როცა მისი წარმომადგენელი ლაშა გოგიასთან მივიდა, გოგიამ უპასუხა, რომ განზე გამდგარიყო. ამას არ დავთმობ, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიწა ჩემს საკუთრებაშია. მე რატომ არ მკითხეს, მყავდა თუ არა ინვესტორი“, - აღნიშნა მიქავამ.




