საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამები დასახელდა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
საქსტატმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 15 632 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 9 774-მა სწავლა დაასრულა (კურსდამთავრებულები). ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
2017 წელს ჩარიცხულებიდან ყველაზე მეტმა 5 336-მა სტუდენტმა (ჩარიცხულების 34%) ინჟინერიის მიმართულების პროგრამები აირჩია. მეორე ადგილზეა აგრარული მიმართულების პროგრამები, სადაც 2 300 სტუდენტი ჩაირიცხა (ჩარიცხულების 14.7%), ხოლო მე-3 ადგილს ბიზნესის ადმინისტრირება იკავებს 2 151 სტუდენტით.
ყველაზე ნაკლები მოთხოვნა საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით არის (54 და 84 სტუდენტი).
2017 წლის მონაცემებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოში 125 საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს, საიდანაც 82 კერძოა, ხოლო 42 საჯარო.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები დასახელდა.





