ბორჯომის საკრებულოში კვლავ ხმაურია
პოლიტიკა
ვიდეო: სამხრეთის კარიბჭე
ბორჯომის საკრებულოს შენობაში მერიის თანამშრომლებსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ სერგო რატიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ droa.ge წერს.
შენობაში, სადაც მერიის თანამშრომლები საკრებულოს ოქმს ელოდებიან, ცოტა ხნის წინ რატიანი მივიდა. მის გამოჩენას შენობაში ხმაური მოჰყვა.
სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარტიას ლიკანში გასვლითი სამუშაო შევედრა ჰქონდა და რადგან ბორჯომში ასეთი ვითარებაა, მისვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ახლა ბორჯომში უნდა იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების წევრებიც.
ამ დროისთვის მერიის შენობაში ისევ ჩაკეტილია სავარძლებით შესასვლელი: მერიის თანამშრომლები ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას და სხდომის ოქმს, იმის დასტურად, რომ ხელფასების საკითხი დადებითად გადაწყდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო.
დღეს ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის იყო.
საკრებულოში სხდომა დღისითაც გაიმართა, თუმცა ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების გამო ხელფასების საკითხი ვერ დაამტკიცეს.
შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.





