ცხინვალი: ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში ექსპერტიზის შემდეგ გადავცემთ
პოლიტიკა

მურატ ჯიოევი
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახში გადასვენებასთან დაკავშირებით კომენტარი რუსულ მედიასთან გააკეთა.
მისი თქმით, ტატუნაშვილს რუსეთის ფედერაციაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ამასთან, მურატ ჯიოევი ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებს, თუმცა დასძენს, რომ მის საქმეზე შეკითხვები ოსურ მხარესაც აქვს.
ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილს ოჯახი და ახლობლები საქართველოში მის დაუყვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით, მათ საპროტესტო აქციაც გამართეს ნატახტართან, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მცირეოდენი დაპირისპირება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა.
აქციიდან პოლიციელებმა არჩილ ტატუნაშვილის მამა შს მინისტრთან შესახვედრად წაიყვანეს. ადგილზეა დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”





