სუბარი: ტატუნაშვილის გადმოსასვენებლად ყველა ბერკეტს ვიყენებთ
პოლიტიკა

სოზარ სუბარი
დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც ნატახტართან არჩილ ტატუნაშვილის ახლობლების აქციაზე ჩავიდა, კომენტარი გააკეთა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის მალე გადმოასვენონ საქართველოში. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს", - თქვა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ ყველანაირი სპეკულაცია და დაძაბული სიტუაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
ტატუნაშვილის მამას პოლიციელებმა ცოტა ხნის წინ სთხოვეს ჩამჯდარიყო მანქანაში, რათა შს მინისტრთან შეხვედრაზე წაეყვანათ.
ნატახტართან აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტატუნაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები თბილისისკენ მომავალი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”





