ტატუნაშვილის ახლობლები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიდეო
პოლიტიკა
ნატახტართან, სადაც ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები და ნათესავები აქციას მართავენ, სიტუაცია დაიძაბა. ისინი გადაადგილდებოდნენ ცენტრალური მაგისტრალისკენ, თუმცა მათ სამართალდამცველები გადაეღობნენ, რომლებიც ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ და არ ატარებდნენ აქციის მონაწილეებს.
ადგილზე შეძახილი გაისმა და აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების ჯაჭვის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შედეგად შეუძლოდ გახდა არჩილ ტატუნაშვილის ბიძა, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე უარის შემდეგ, მისმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ნატახტართან გზა გადაკეტეს. მათ ხელისუფლებისგან ცხედრის გადმოსვენებაში დახმარება მოითხოვეს. აქციაზე დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჩავიდა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”





