ჩაბუქის პროცესზე დასასწრებად საქართველოში ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ
პოლიტიკა

მუსტაფა ეგრე ჩაბუქი
დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტით ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდებიან.
საქართველოში კონგრესმენების ვიზიტისა და ომბუდსმენთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სახალხო დამცველის ოფისში დაუდასტურეს. მანამდე ცნობა სააგენტო ghn-მა გაავრცელა.
სააგენტოს ცნობით, კონგრესმენები პატრისიო რიბოლა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დები როდელა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დევიდ კილგური (ფედერალური მთავრობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი) და ვენდი ტეილორი ("Global Youth Food Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი) შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ.
ამერიკელი კონგრესმენები ჩაბუქის სასამართლო პროცესს 19 თებერვალს, 13.00 საათზე დაესწრებიან.
15 თებერვალს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეხვდა. ევროპარლამენტარი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
რებეკა ჰარმსმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება. მან მოუწოდა სასამართლოსაც, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.
დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.
ჩაბუქის ექსტრადიციაზე 6 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო 19 თებერვლამდე გადაიდო.





