წულუკიანი: ნუ გავწირავთ უდიდეს მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია
პოლიტიკა

თეა წულუკიანი
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს ევროპასთან უვიზო რეჟიმის პირობები არ დაარღვიონ. მინისტრი გერმანიის აეროპორტიდან 19 ქართველის გამობრუნებას ეხმიანება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას, რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქვია. შემიძლია, ვივარაუდო, რომ გამობრუნებული პირები სწორედ არიან იმ მიზეზით გამობრუნებული, რომ მათ გერმანელი, თუ სხვა ევროპელი მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს, რომ კეთილი მიზნებისთვის ცდილობდნენ შენგენის სივრცეში შეღწევას.
შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის უდიდეს მიღწევას, მე ვიტყოდი, ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია. მოვუფრთხილდეთ, რადგან ასეთი მიღწევები მრავალი თაობის შრომის შედეგია და ჩვენი ქვეყნის ხელის წამოკვრით ნუ მოვეპყრობით ძალიან დიდ წარმატებას. მე ეს ადრეც ვთქვი და ჩემთვის გაუგებარი კრიტიკა დავიმსახურე, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქცევამ, შეიძლება მოიტანოს – მეთქი ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი. დღევანდელი ახალი ამბავიც ამას ადასტურებს. მათ შორის გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური ხელისუფლებისადმი მიმართვები, რომ მათ აქვთ იმის აღქმა, საქართველოს მოქალაქეები კარგად არ იქცევიან და შესაბამისად, შეიძლება გარკვეული ზომების მიღებაც მოითხოვონ. ამიტომ, გავფრთხილდეთ და დავიცვათ ის კანონი, რომელი ქვეყნის სივრცეში შეღწევასაც ვცდილობთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
14 თებერვალს ქუთაისი-მენინგემის ავიარეისის რამდენიმე მგზავრი გერმანიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. გერმანიაში შესვლაზე ბორტზე მყოფ 19 მგზავრს საბუთებში არსებული პრობლემების გამო უარი უთხრეს.
საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგანგებო თათბირი გამართადა სამოქმედო გეგმა დასახა. მიზანი ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შემცირებაა.





