კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
პოლიტიკა
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან დამოკიდებულებას და მოლაპარაკებების გამჭვირვალობას.
როგორც დღეს კახა კალაძემ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხეილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ რუსეთსა და რუსეთის წარმომადგენლებს.
„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ილაპარაკა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ამას, რა თქმა უნდა, არა აქვს ალტერნატივა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რა არის გამოწვევები და რა სირთულეებია.
ასევე მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს და რუსეთის წარმომადგენლებს. ზოგადად, როდესაც ვლაპარაკობთ სხვადასხვა ქვეყანაზე, საგარეო პოლიტიკაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობებში სამართლიანი დამოკიდებულება.
ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტები, მაგალითად, ევროკავშირი რა უსამართლოდ ექცევა ქართულ სახელმწიფოს. არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ, ღიად ვამბობთ, არაფერი გვაქვს დასამალი.
იგივე არის ამ შემთხვევაშიც, რაც ითქვა ბატონი გია ზურაბაშვილის მხრიდან. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია და ძალიან ბევრი ახსნა-განმარტება გაკეთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ცნობილი გახდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





