შალვა პაპუაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: როგორც კი დაიწყეს არაბიზაციის კამპანია, რომ საქართველოში არაბული ქვეყნების წარმომადგენლების მიგრაციაა, მივიდნენ სტატისტიკასთან, ნახეს, რომ ყველა ასეთი ქვეყნიდან სულ 0,2%-ია - როგორც კი ფაქტებთან მიდიან, იქვე ხუხულასავით იშლება პროპაგანდისტული ანტიქართული კამპანია
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეის შემდეგ ნებისმიერ საინფორმაციო კამპანიას უნდა შევხედოთ გუშინ გასაჯაროებული USAID-ის დოკუმენტების ჭრილში - ჩავხედოთ ორგანიზაციებს, ვინ არიან ჩართულები, საიდან და რა კავშირები აქვთ მათ და აქედან მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას.
მან განაცხადა, აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა ქვეყანაში არაბიზაციის საფრთხე.
მისივე თქმით, ეს თემა წარმოადგენს ჩვეულებრივ საინფორმაციო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ.
„ვხედავთ, რომ საქართველო დღეს არის თავდასხმის ობიექტი, ჰიბრიდული ოპერაციების ობიექტი, ვინაიდან ვერ შეძლეს არჩევნებით საკუთარი მარიონეტების მოყვანა ხელისუფლებაში, ვინაიდან ვერ შეძლეს ომში ჩვენი ჩათრევა, ახლა შემდეგი ეტაპი მცდელობისა არის საქართველოს ეკონომიკური დასუსტება და ეკონომიკური პრობლემების შექმნა. სწორედ ეს არის - ნებისმიერ ეკონომიკურ პროექტთან როგორც კი ნახავთ საწინააღმდეგო კამპანიას, ჟურნალისტის კრიტიკული ხედვის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ ნახოთ, ვინ არიან ის ადამიანები, რა კავშირები აქვთ მათ და რამდენად იმალება ამის უკან უცხოური გავლენები.
მთავარი ისაა, რომ ეს კამპანია სრულად კოორდინირებული იყო, როგორც გარედან ორგანიზებული საინფორმაციო თავდასხმა და ოპერაცია, ვინაიდან შინაარსი არ აქვს. როგორც კი მიუახლოვდებით შინაარს, რომ იყიდიან, პირობითად არაბული ქვეყნებიდან - როგორც კი მივიდნენ შინაარსთან, რომ დაიწყო გაყიდვები, აღმოაჩინეს, რომ სულ რამდენიმე ბინა იყიდეს იქ არაბული ქვეყნების წარმომადგენლებმა და მყიდველების უმეტესობა ქართველია. ხომ დაადგინეს!
როგორც კი დაიწყეს არაბიზაციის კამპანია და რომ საქართველოში არაბული ქვეყნების წარმომადგენლების მიგრაციაა, მივიდნენ სტატისტიკასთან, ნახეს, რომ ყველა ასეთი ქვეყნიდან სულ 0,2%-ია. როგორც კი ფაქტებთან მიდიან, იქვე ხუხულასავით იშლება ეს პროპაგანდისტული ანტიქართული კამპანია. აქაც ეს არის. ამიტომ მნიშვნელოვანია და მივესალმები, რომ საჯარო განხილვებიც იქნება. პარლამენტი, მთავრობა ყველა დებატსა და დისკუსიაში ვმონაწილეობდით და ყველა ამ დებატიდან, დისკუსიიდან ხელისუფლება გამარჯვებული გამოვიდა, ვინაიდან ვერცერთი რაიმე საფუძვლიანი პრეტენზია ვერავინ წარმოადგინა. ასე რომ, მივესალმები საჯარო განხილვებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





