შალვა პაპუაშვილი: ჩვენც მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და უპირველეს ყოვლისა, მოველით იმას, რომ ეს ურთიერთობები, თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე - ისინი აკვირდებიან ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას, თუ რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ. ასე რომ ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომაც გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი უერთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „თუკი არის წამოყენებული პრეტენზიები, ის უნდა იყოს სამართლიანი“.
„ჩვენ ყოველთვის ერთნაირი მიდგომა გვაქვს, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა - რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომაც გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. თუკი არის წამოყენებული პრეტენზიები, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხიც სამართლიანი უნდა იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ღვინოსთან დაკავშირებით განმარტება პრემიერ-მინისტრმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა უკვე გააკეთეს.
„წარმოდგენილი პრეტენზიები ეს არის უსაფუძვლო საბაბი საქართველოს მიმართ და აქედან გამომდინარე, იგი არის უსამართლო. ამიტომ, ჩვენი პასუხიც ამას ეფუძნება, რომ როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახლახან განცხადება გააკეთა, რომ იგი მიესალმება პრაგმატულ მიდგომებს, სწორედ ეს არის! - ჩვენც მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და უპირველეს ყოვლისა, მოველით იმას, რომ ეს ურთიერთობები, თუ დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე.
ამიტომ, ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ყველას მიმართ და ალბათ, მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის, რომ ისინი აკვირდებიან ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას თუ რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ. ასე, რომ ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ზურაბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მინსკში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მან განაცხადა: „რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით“.





