გაეროს ელექტრონული მმართველობის 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 11 პოზიციით დაწინაურდა
პოლიტიკა

ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
გაეროს ელექტრონული მმართველობის 2026 წლის კვლევის (UN E-Government Survey 2026) თანახმად, საქართველომ ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსში (EGDI) პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა და 69-ე ადგილიდან 58-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანამ ინდექსში 0.8066 ქულა მიიღო და კვლავ ელექტრონული მმართველობის განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე ქვეყნების ჯგუფში (Very High EGDI) დაიკავა ადგილი, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი ქვეყანაში ციფრული საჯარო სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის დონეს აფასებს. იგი სამი თანაბარი წონის კომპონენტისგან შედგება: ონლაინ სერვისების ინდექსი (OSI), სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ინდექსი (TII) და ადამიანური კაპიტალის ინდექსი (HCI).
„კვლევას გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი (UN DESA) ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. 2026 წლის კვლევა გაეროს წევრ სახელმწიფოებში ელექტრონული მმართველობის განვითარების მდგომარეობას აფასებს და ციფრული მმართველობის მიმართულებით ქვეყნებს შორის შედარების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს შედეგი ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროგრესს ასახავს და ციფრული საჯარო სერვისების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





