ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მიხეილ სააკაშვილის პოსტი რაც იყო, ეს ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ცალკე საკითხია სააკაშვილის ბიძის საქმიანობა, რომელიც მან მრავალი წლით უფრო ადრე დაიწყო და შემდეგ ჩართო სააკაშვილი.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ბიძა ორმაგი თუ სამმაგი აგენტი იყო, ვინაიდან საქართველოში ემსახურებოდა როგორც რუსეთის, ასევე ე.წ. „დიფ სთეითის“ ინტერესებს.
„ამ ყველაფერში მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი ელიტა იყო ჩართული. საქართველოს გარდა აბსოლუტურად ყველას მოემსახურებიან ნებისმიერ დროს და მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე გაცილებით დიდ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე თავის დროზე დაატრიალეს“, - დასძინა ლევან მაჭავარიანმა.
„ვარდების რევოლუციის“ შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ პირველმა „ვარდების რევოლუცია“ სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა. ექსპრეზიდენტის განცხადებით, გვიან ღამით მათთან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი მივიდა და ჟვანიას, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის თანამდებობებიც სწორედ მან გაანაწილა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ეს პოსტი, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება - იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.



