გიორგი გაბუნია: ის, რომ სუროგაციის აკრძალვა ეკლესიასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობაა, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სახელმწიფო და ეკლესია ერთიანია და ყოველთვის იქნება ერთიანი, სახელმწიფო ინტერესებთან და იმ ღირებულებებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას გააჩნია. შესაბამისად, მტკიცება, რომ სუროგაციის აკრძალვით ეკლესიასთან ურთიერთობის დალაგებასა და გამოსწორებას ვცდილობთ, წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად მიუღებელი, პროვოკაციული განცხადებაა, — განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდება ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია.
„ეკლესიასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა — ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. სახელმწიფო და ეკლესია ერთიანია და ყოველთვის იქნება ერთიანი სახელმწიფო ინტერესებთან და იმ ღირებულებებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას გააჩნია. შესაბამისად, განცხადებებით ამ კუთხით საკითხის წარმოჩენა, თითქოს სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია, რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს და ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ეკლესიასთან ურთიერთობა დავალაგოთ და გამოვასწოროთ, წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად მიუღებელი, პროვოკაციული განცხადებებია.
აქ საუბარია იმაზე, რომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სუროგაცია არ არის მხოლოდ მედიცინასა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხი. ეს არის ეთიკური, სოციალური და სახელმწიფოებრივი არგუმენტებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანია ქალისა და ბავშვის უფლებების დაცვა და ამ კუთხით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა, არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებით მოხდება ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის ძალიან სერიოზული პრევენცია. ასევე მიგვაჩნია, რომ ქალის ექსპლუატაცია არ უნდა იყოს დაშვებული და ამ კუთხით, საქართველო ერთგვარი ცენტრი იყო, რაც, ბუნებრივია, ჯანსაღი პრაქტიკა არ ყოფილა.
ასევე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, რომ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების უფლებები იყოს დაცული და ბავშვი უნდა იყოს სიყვარულის პროდუქტი და არა ყიდვა-გაყიდვის. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით სრული თანხმობა და მზაობა გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მივიყვანოთ“, — აღნიშნა გაბუნიამ.





