რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან
პოლიტიკა

ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს მინსკში პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მხრივ არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს.
ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.





