კახა კალაძე: ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ცხოველთა თავშესაფრისთვის ტალახის სროლა კატეგორიულად მიუღებელია
პოლიტიკა

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა.
მისი განმარტებით, მოთხოვნის შემდეგ, ცხოველთა თავშესაფარში შესვლასა და იქ არსებული ვითარების გაცნობაზე პრობლემა არავის ჰქონია.
„ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ნამდვილად მეამაყება ის, რაც შევძელით და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. არ ჩამოვთვლი და არ დავიწყებ ლაპარაკს, რა გვაქვს გაკეთებული და რა პროექტები ხორციელდება, რომლებიც ჯერ არ არის დასრულებული. იმ ადამიანებმა, რომლებიც არასწორად, არაჯანსაღად იქცევიან, ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი. შესაბამისად, ის ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, თავშესაფრისთვის ტალახის სროლა კატეგორიულად მიუღებელია. არასდროს არავის ჰქონია პრობლემა ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე. მოთხოვნის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იქ შესვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლების მიმართ გამოხატული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მიუღებელი ფორმაა.
„ჯანსაღი ადამიანები ასე არ იქცევიან, რასაც ჩვენ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ვხედავთ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება - შეურაცხყოფის მიყენება, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება, სიცრუე, მუქარა. იცით საერთოდ, სოციალურ ქსელში როგორ ესაუბრებიან „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლებს? რა შეტყობინებებს უგზავნიან მათი ოჯახის წევრებს? გაქვთ ამაზე საერთოდ ინფორმაცია?“ - იკითხა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვა ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი ქმედებებით დაუშვებელია.
„ხაზს ვუსვამ ამ ადამიანების დამოკიდებულებას ჩვენი მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამ ფორმით, ამ ლექსიკით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. მიხვიდე თავშესაფართან, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო, არ არის სწორი ფორმა. არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




