არჩილ გორდულაძე: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები აქციების ორგანიზებასა და ფოიერვერკების შეძენაზე საუბრობდნენ, „საყოველთაო დაუმორჩილებლობას“ აანონსებდნენ და 2023–2025 წლებში დაპატიმრებულ პირებს „პატრიოტებად“ და „პოლიტპატიმრებად“ აცხადებდნენ
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლიდერების: ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ჯაფარიძის საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლებიც აქციების ორგანიზებას, ფოიერვერკების შეძენას, დაუმორჩილებლობასა და დაკავებულ პირებს ეხებოდა.
გორდულაძის მიერ მოყვანილი ფაქტების მიხედვით, 2024 წლის 4 დეკემბერს ელენე ხოშტარიამ პოლიციას „ანტიკონსტიტუციური“ უწოდა და განაცხადა, რომ თავად არის აქციების ორგანიზატორი, აქვთ ბევრი „პარალონები, ფოიერვერკები“, კვლავ შეიძენენ და ზუსტად იმავეს გააგრძელებენ.
„2024 წლის 2 დეკემბერს ნიკა გვარამიამ განაცხადა: - „ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს“. „კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში. ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!“.
2024 წლის 6 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: – „პროტესტმა, შესაძლოა, სხვადასხვანაირი ფორმა მიიღოს, თუმცა ის, რაც ხდება რუსთაველზე, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს“.
2024 წლის 4 დეკემბერს ნიკა მელიამ განაცხადა: - „საყოველთაო, სახალხო პროტესტი მივა იმ წერტილამდე, როდესაც ქვეყანაში იქნება საყოველთაო დაუმორჩილებლობა“.
2024 წლის 4 დეკემბერს ელენე ხოშტარიამ განაცხადა: - „მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა- ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“. „ეს პოლიცია არის ანტიკონსტიტუციური პოლიცია, ეს პოლიცია ემსახურება რეჟიმს, ეს პოლიცია მიდის ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რას გადაჩხრეკენ, რას იზამენ, ვის რას დააბრალებენ. მე თვითონ ვუთხარი, რომ დიახ, მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და ხალხის აქცია, მაგრამ დიახ, ყველაფერს ამას ჩვენ ვიყენებთ აქციებზე.“
2025 წლის 3 იანვარს ნიკა მელიამ განაცხადა: „მივესალმები პოლიტპატიმრებს, თითოეული თქვენგანისთვის ვდგავართ აქ... ათწლეულების საქმე კეთდება ამ პროტესტით“.
„მივესალმები პოლიტიკურ პატიმრებს, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მათ და გამარჯვება, თითოეული მათგანისთვისაც ვდგავართ აქ და ეს მინდა რომ ხშირად გაიგონონ რუსთაველის გამზირიდან“.
2026 წლის 26 მაისს ნიკა გვარამიამ განაცხადა: - „მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ, 2023 წელს დაპატიმრებულებს, 2024 წელს დაპატიმრებულებს, 2025 წელს დაპატიმრებულებს, ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს“,- განაცხადა გორდულაძემ.





