არჩილ გორდულაძე „ლელოს“ განცხადებებზე: მათი თითოეული ნათქვამი არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „ლელოს“მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები მედიასთან შეაფასა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი.
„ლელოს“ წარმომადგენელი საუბრობდა, თითქოს არ უთქვამთ, რომ მათთან ალეკო ელისაშვილი რა შუაშია. ჯერ ერთი თქვეს და მეორე, ეს პასუხი იმიტომ გააჟღერეს სხდომის დარბაზში, რომ ამაზე მივუთითეთ და ტყუილში ვამხილეთ.
ჩვენ სხდომის მიმდინარეობისას შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ თითოეულ ტყუილზე ადეკვატური პასუხი და სიმართლე ვთქვათ. ამიტომ, როდესაც გარეთ ვაკეთებთ შესაბამის კომენტარს, როგორც ჩანს, ისინი კომენტარებს ისმენენ და შემდეგ ამის საპასუხოდ აკეთებენ განცხადებებს.
მოსამართლეს კითხვა ჰქონდა სიორიძესთან, რომ შეიცვალოს ალეკო ელისაშვილის მსჯავრი და გადაკვალიფიცირდეს სხვისი ნივთის დაზიანებად, შეფასდება თუ არა ისევ პოლიტპატიმრადო და პასუხი იყო - დიახ, ისევ პოლიტპატიმარია. ამით დაადასტურეს, რომ „ლელოსთვის“ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რა მსჯავრი ან რა ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, უბრალოდ მათ ასე მიაჩნიათ.
მათ მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან და ისინი თანაზიარი არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახლისა“ და გახარიას პარტიისა.
ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია.
მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.




