ბიძინა გიორგობიანი: მიზეზი, რის გამოც ბალტიისპირეთის ქვეყნები ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას ბლოკავს, არის ევროკავშირის მიერ სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნის მცდელობა, სადაც საქართველოს განსაზღვრული ექნება ადგილი, როგორც ტერიტორიის და არა როგორც გადაწყვეტილების მიმღების
პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი
ფოტო: იმედი/კადრი
მიზეზი, რის გამოც ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს კანდიდატურას ბლოკავს, არის ევროკავშირის მიერ სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნის მცდელობა, სადაც საქართველოს განსაზღვრული ექნება ადგილი, როგორც ტერიტორიის და არა როგორც გადაწყვეტილების მიმღების, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.
წამყვანმა მას კითხვა დაუსვა ეუთოს თავმჯდომარეობის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
„ეუთო დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არ არის პირდაპირ დამოკიდებული ბრიუსელზე, მაგრამ მასში შედის ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან არიან საქართველოსადმი განსაკუთრებით აგრესიულად განწყობილი ბალტიისპირეთის ქვეყნები. ძირითადად, ეს ქვეყნები ბლოკავენ საქართველოს თავმჯდომარეობას ეუთოს მორიგ, ერთწლიან პერიოდზე.
გარდა იმისა, რომ შეიძლება ეს ორგანიზაცია დარჩეს ინსტიტუციური ფუნქციონირების გარეშე, მეორე კანდიდატი ქვეყანა, რომელიც შეიძლება იყოს თავმჯდომარე, ეს არის კვიპროსი, რომელსაც ბლოკავს თურქეთი. არის გამოუვალი სიტუაცია.
მიზეზი, რის გამოც ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს კანდიდატურას ბლოკავს, არის ევროკავშირის მიერ სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნის მცდელობა, სადაც საქართველოს განსაზღვრული ექნება ადგილი, როგორც ტერიტორიის და არა როგორც გადაწყვეტილების მიმღების. აქ მათ სურთ ახალი ფორმატის შექმნა. იცით, რომ ბაქოშიც ჩატარდა დაკავშირებადობის მინისტერიალი, სადაც საქართველო არ იყო მიწვეული“, - აღნიშნა გიორგობიანმა.





