თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირზე: როდესაც საქმე მათ პირად თუ ეკონომიკურ ინტერესებს ეხება, ისინი ისე მოქმედებენ, რომ საერთოდ არავის აზრს არ ითვალისწინებენ. საკმარისია შენ რაიმე ეკონომიკური ნაბიჯი გადადგა, მაშინვე გესხმიან თავს და გეუბნებიან, რომ ამის უფლება არ გაქვს
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და მისი ცალკეული ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ არათანასწორი დამოკიდებულება ახალი არ არის.
მისი თქმით, როდესაც საქმე ევროკავშირის ეკონომიკურ ინტერესებს ეხება, საკუთარ ქმედებებში სხვების აზრს არ ითვალისწინებენ, ხოლო საქართველოს მიერ ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში ქვეყანას მაშინვე აკრიტიკებენ და მიუთითებენ, რომ ამის უფლება არ აქვს.
„ამას ისინი პირველად არ აკეთებენ, როგორც ევროკავშირი, ისე მისი ცალკეული ქვეყნები. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენზე მეტს ვაჭრობდნენ რუსეთთან ალკოჰოლით. ესეც ამის გაგრძელებაა, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბებით.
ამიტომ, როდესაც საქმე მათ პირად თუ ეკონომიკურ ინტერესებს ეხება, ისინი ისე მოქმედებენ, რომ საერთოდ არავის აზრს არ ითვალისწინებენ. საკმარისია, შენ რაიმე ეკონომიკური ნაბიჯი გადადგა, მაშინვე გესხმიან თავს და გეუბნებიან, რომ ამის უფლება არ გაქვს. ეს არათანასწორი დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია არსებობს, ასე რომ, ჩვენთვის გასაკვირი არაფერია“, — აღნიშნა შარმანაშვილმა.





