საქართველოს პრემიერ-მინისტრი 45 ქვეყნის ლიდერთან და ევროსტრუქტურების პირველ პირებთან ერთად, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 45 ქვეყნის ლიდერთან და ევროსტრუქტურების პირველ პირებთან ერთად, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრება. რიგით მე-9 სამიტი, რომელიც დუბლინში იმართება, დღეს ოფიციალურად გაიხსნება.
ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
წელს სამიტის მთავარი გზავნილია - ევროპა ძლიერი, უსაფრთხო და დაკავშირებული. ევროპელი ლიდერები ყურადღებას მათ შორის გაამახვილებენ გაფართოების პოლიტიკაზეც, ევროპულ უსაფრთხოებაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე.
პრემიერი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.





