თორნიკე ჭეიშვილი: სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს ქმნის განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტანდარტს
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
საქართველოს პარლამენტი
„ღიმილის მომგვრელია მსგავსი ტიპის განცხადებები და ეს პირდაპირ დემაგოგიაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი დემოკრატიის უკუსვლისკენ არის მიმართული.
ჭეიშვილის განცხადებით, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში, წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან.
„ჩვენ რომ არ გავცეთ პასუხი, მათ განცხადებებს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუცია სცემს პასუხს, რადგან ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის მექანიზმს იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო მოქმედებებთან შესაბამისი პარტიათა ჯგუფის მხრიდან. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში რა თქმა უნდა, არის ერთმნიშვნელოვნად არასერიოზული და წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით როგორღაც თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან. აქამდე გამართულმა სასამართლო სხდომებმა დაგვანახვა, რომ ჩვენს სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და ბრალდებებს მათ ვერ დაუპირისპირეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. შესაბამისად, ეს იძლევა გარკვეულ განცდას და პროგნოზს გვაკეთებინებს იმასთან მიმართებით, რომ მათ უბრალოდ ამგვარი სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ თუნდაც სასამართლო სხდომის დარბაზში მიმდინარე მსჯელობა, რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტანდარტს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.





