ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე
პოლიტიკა

ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის, თუმცა ეს თანასწორობისა და პარიტეტულ საწყისებზე უნდა მოხდეს.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ და პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს.
"კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი ურთიერთობებისთვის, ოღონდ ერთი დათქმით და პირობით, რომ მაქსიმალურად, თუ ვინმეს ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, აუცილებლად გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის ინტერესიც. ჩვენთან საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ შეეგუა, შეეჩვია და თავის თავზე იგრძნო, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება, თუნდაც ბევრი გამოწვევით.
განა რომელ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ათასობით ლარი იყოს პენსია და ხელფასი და ა.შ.? და სწორედ ასეთი დისკუსიები უნდა იმართებოდეს, პროფილური, დებატების რეჟიმში, ამ ფორმატში თუ სხვა ფორმატში და მათ შორის პარლამენტშიც. პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია აუცილებლად, რომელიც ასეთ, რეალურად მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საკითხებს დააყენებს.
იმ რეჟიმში, რომელ რეჟიმშიც გვამყოფა იმ ე.წ. პოლიტიკურმა გუნდმა, რომლებიც დღეს სამართლდებიან საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მაინც იმას, რასაც მიაღწია.
იმ რეჟიმში, სადაც გვამყოფეს იმ უსამართლო განცხადებებით, რეზოლუციებით, წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო პერიოდში შიდა პოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევითა და ჩართულობით, ვნახეთ სად დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ მივდივართ.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა და მიმართულება, განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებით და გათვალისწინებით არის ერთი, მაქსიმალური დივერსიფიცირება ჩვენი ეკონომიკის.





