ანა შეპკინა
გორის სოფელი ქერე მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს
პოლიტიკა

აქცია ქერეში
ფოტო: ანა შეპკინა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივი მცხოვრებლები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.
მოსახლეობა სოფლისთვის მაღალთმიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა ასევე სკოლის შეკეთება, საბავშვო ბაღის აშენება და გზების რეაბილიტაცია.
მოსახლეობის თქმით, სოფელში სკოლა 9 კლასამდე ფუნქციონირებს, უფროსკლასელებსა და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს კი სხვა სოფლებში უწევთ სწავლის გაგრძელება.
მერეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი იაგო რელიკაშვილი კი ამბობს, რომ ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე არ წყდება და შესაბამისმა კომისიამ უნდა განიხილოს, გზას კი რეაბილიტაცია ყოველწლიურად უტარდება, რაც შეეხება კაპიტალურ რეაბილიტაციას, მისი თქმით, ამისთვის საკმარისი ფინანსები არაა.
„მაღალმთიანი რეგონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრ სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.
ამ კანონის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებულ პუნქტებში საგადასახადო შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდა, სოციალური შეღავათები კი, ნაწილობრივ. კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. მეწარმე სუბიექტები კი, გადასახადისგან თავისუფლდებიან. მაღალმთიან რეგიონებში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა კანონის მიღებიდან 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.



