ქადაგიშვილი: ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის 26 საუკუნეზე მეტი ხნის ურთიერთობა არსებობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან მაღალ ნიშნულზე არსებობდეს
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ებრაელ და ქართველ ხალხს შორის 26 საუკუნეზე მეტი ხნის ურთიერთობა არსებობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან მაღალ ნიშნულზე არსებობდეს, — განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ისრაელის ელჩი საქართველოში ახალი ჩამოსულია და მისთვის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
„ოპოზიციას ზოგადად ასეთი სინდრომი სჭირს ხოლმე — რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და თუ გამოჩნდება, რატომ გამოჩნდაო, ახალი სპეკულაცია იწყება ხოლმე. ამიტომ ამ სპეკულაციას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ეს არის ხმაური ხმაურისთვის.
ზოგადად მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობა არსებობს. ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის 26 საუკუნეზე მეტი ხნის ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან მაღალ ნიშნულზე არსებობდეს.
ელჩი შედარებით ახალი ჩამოსულია ჩვენს ქვეყანაში და მისთვის, ბუნებრივია, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. ეს შეხვედრაც სწორედ ამ ისტორიულ და საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ასევე იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ უპირატესობას — ჩვენს ორ ქვეყანას შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობას.
დანარჩენი ერთდღიანი სპეკულაციაა, რომელიც ოპოზიციის გარკვეულმა წრეებმა და მედიამ ატეხეს“, — აღნიშნა ქადაგიშვილმა.





