კაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
პოლიტიკა

კაია კალასი
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
კალასის თქმით, გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება.
„ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო - შეჩერებულია. გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება, ასევე კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. მთავარი საკითხი ის არის, რომ დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. გუშინ არსებული მდგომარეობით, ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე დისკუსიები გრძელდება და იანვარში მას ძალიან სიღრმისეულად განვიხილავთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი პასუხი შევიმუშაოთ, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მის მისწრაფებებს და ზურგს არ ვაქცევთ იმ ქართველებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ევროკავშირის წევრობა“, - აღნიშნა მან.




