პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკიმ ნოტაციები გვიკითხოს და ქართველ ხალხს ჭკუა გვასწავლოს, სჯობს ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობას და „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას, რატომ ერთხელ არ მივიდა საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ადამიანი ჩვენი ქვეყნის სტუმარია და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს. მანამდე ის თვეში რამდენჯერმე ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს და ამით ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, რომ თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.




