შალვა პაპუაშვილი: გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს დღეს ბრიფინგიდან, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს დღეს ბრიფინგიდან, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის, - განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა მას კითხვა ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით დაუსვა.
„რამდენიმე ასპექტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ვიცი რა, რომ დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს დანიშნული ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით, მეც მაინტერესებს. დღეს არის 4 ნოემბერი, 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნიან 4 ოქტომბრის ძალადობას, დღემდე ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ეს ძალადობა და ევროკავშირის ელჩი დღემდე ითხოვს და ეს ვნახეთ დოკუმენტში, მოძალადეების გათავისუფლებას, კიდევ ერთხელ რომ მივხვდეთ, რა კატასტროფასთან გვაქვს საქმე - ადამიანების, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავს ესხმოდნენ ადამიანებს და წვავდნენ და ვიცით, რომ ასეთ ადამიანებს დღეს საფრანგეთში უწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც სცადეს მკვლელობა.
საქართველოს შემთხვევაში, ბატონი ჰერჩინსკის კომისიის დოკუმენტთან ერთად, ექნება შესაძლებლობა, ამაზე ისაუბროს დღეს ბრიფინგზე. ითხოვს მათ გათავისუფლებას, ვინც სხვების ცოცხლად დაწვას ცდლობდნენ. რა არის ეს, თუ არა ძალადობის წახალისება, წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა?! გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს დღეს ბრიფინგიდან, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის.
მათ, ვინც საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს და შეწყალებით მიმართეს პრეზიდენტს, აღიარეს თავისი დანაშაული და ახლა ამ დოკუმენტით ევროკომისია ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები იყვნენ. ესეც არის ძალადობის წახალისება. გვაინტერესებს დღეს კონკრეტულად პაველ ჰერჩინსკისგან, გმობს თუ არა ის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პირდაპირ თუ არ გასცემს პასუხს, გასაგებია, რომ ამ ძალადობის მხარდამჭერი და წამქეზებელი იქნება ის და ევროკომისია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





