არჩილ გორდულაძე: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც აფინანსებდა საჯარო მოხელეებს, სკოლებს, პოლიციელებს, ჯარს. ყველა ის რეფორმა, რომლითაც კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საქმიანობის დასაწყისში თავს იწონებდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულია
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
საქართველოს პარლამენტი
ფაქტობრივად, ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა სასამართლოს მიმდინარეობისას, რომ ყველა ტყუილი პროცესზევე ვამხილოთ. იმიტომ, რომ ეს არ არის სატელევიზიო დებატები, როდესაც მხარე ტყუილს ამბობს, შენ მოგეცეს შესაძლებლობა და საზოგადოებას უთხრა, რომ აბსოლუტური ტყუილია. სასამართლოს თავისი წესები აქვს და მათ შეუძლიათ საათების განმავლობაში აბსოლუტური სიცრუე ილაპარაკონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
არჩილ გორდულაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური ტყუილი, რომელიც ოპოზიციამ სასამართლოზე გაავრცელა და მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამხილა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა.
„ჩვენ ამ ტყუილების მხილება გვიწევს სხდომის დასრულების შემდეგ. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამაოგნებელი ტყუილის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილს არ ახდევინებდნენ გადასახადებს, ამიტომ მან დააგროვა ქონება და მერე ამას იყენებდა ქველმოქმედებისთვისო. ამ უკიდეგანო ტყუილს როგორ შეიძლება ვინმემ დაუჯეროს?! რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც აფინანსებდა საჯარო მოხელეებს, სკოლებს, პოლიციელებს, ჯარს. ყველა ის რეფორმა, რომლითაც კი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საქმიანობის დასაწყისში თავს იწონებდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულია. იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა დახმარებოდა და სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ქველმოქმედების სახით გაღებულ ორ მილიარდ-ნახევარზეა საუბარი, საიდანაც ერთი თეთრიც კი არ არის საქართველოში მიღებული. პირიქით, ისევ ბიუჯეტი ივსებოდა ერთი ადამიანის, ქველმოქმედის თანხებიდან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ამის პარალელურად გაავრცელა ორგანიზაციამ „რეპორტიორი საზღვრებს გარეშე“ „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც არის შეყვანილი.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, აღნიშნულ სიაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ „ტრამპზე ტყუილია, ხოლო ბიძინა ივანიშვილზე მართალიო“.
„ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით რა აღქმა არსებობს, წავიდნენ და ტრამპის ადმინისტრაციის ან ტრამპის პოზიცია ნახონ, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლადო. რაც შეიძლება ბევრი ტყუილი უნდა იყოს, რომ მერე, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ სიმართლის სახით. დაახლოებით, როგორც 30-40-იან წლებში იყო ევროპის მასშტაბით დამახასიათებელი, ეს გამოცდილება გადმოაქვთ 21-ე საუკუნეში. რეალურად ამბავი ძალიან მარტივია, 17 წლის წინ მედიები რომ შეთანხმდნენ, რომ საინფორმაციო გამოშვებაში არ შეიძლება ჟურნალისტის პირადი აზრისა და დამოკიდებულების გადმოცემა და მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები უნდა გავრცელდეს და ეს რომ არ ხდებოდა თვითრეგულირების ფარგლებში და ახლა კანონის ფარგლებში ხდება ამის რეგულირება, ამას გვიფუთავენ, თითქოს არის ცენზურაო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.





