შალვა პაპუაშვილი: ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან, ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს. ერთადერთი, ვინც თქვენს მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ვინც დღეს კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ. ნუ ენდობით ნურცერთი უცხოელი ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენს მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ხალხი ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ციხეში ჩატოვეს.
„ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან, ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს. ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს. ნუ ენდობიან! რატომ? - ხომ ნახეს, წააქეზეს ამ ძალადობაზე. 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი. დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან. წააქეზეს ამ დანაშაულზე და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. საბოლოო ჯამში, ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფოა, რომელიც მათ მხარეს იქნება და სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომლებიც მათგან პროკურატურაში მიდის და პროკურატურა რომ თანხმდება, ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ.
ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ციხეში ჩატოვეს. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს ციხეში სასჯელის მოხდა უწევს. ასე რომ, ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს აღარასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ.
კიდევ ერთხელ, ისინი, ვინც დღეს კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალადობის გამო, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ. ნუ ენდობით ნურცერთი უცხოელი ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დადასტურდა, ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენს მხარეს იქნება, ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს“, - აღნიშნა მან.





