დავით მათიკაშვილი ყირგიზეთში ვიზიტზე: ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, ეკონომიკური კავშირები.
„ცოტა ხნის წინ იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რა დროსაც ხელი მოეწერა უამრავ შეთანხმებას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და საქართველოს ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობა ამ ქვეყნებთან კიდევ და კიდევ ღრმავდება. ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ მიღწევებზე, იზრდება ყირგიზი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში.
სასურველია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ასევე, ბიშკეკსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო დაკავშირებადობის საკითხიც განიხილეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეებმა. ვფიქრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარლამენტის თავმჯდომარის ამ ისტორიული ვიზიტის შემდგომ“, - აღნიშნა მან.




