აკაკი ალადაშვილი: ბატონი ტუსკიც გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო ზეწოლის მცდელობებით. გამოირჩევა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით
პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბატონი ტუსკიც გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო ზეწოლის მცდელობებით, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა პოლონეთში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
ალადაშვილის თქმით, „ტუსკი დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით გამოირჩევა“.
„ბატონი ტუსკიც გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო ზეწოლის მცდელობებით. გამოირჩევა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით. ზოგადად ის, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთი მონაწილე, დაკავებულია გლობალური ძალის დავალებების შესრულებით. რა თქმა უნდა, მას აღარ დარჩებოდა დრო საკუთარი ეროვნული ინტერესების და საკუთარი ქვეყნის შიდა პოლიტიკისთვის. ის ადრე თუ გვიან მიიღებდა ამ შიდა პოლიტიკურ კრიზისს“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.




